საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქვეყნისათვის ყველაზე ტრავმატული აღმოჩნდა სეპარატიზმი და მისგან გამოწვეული კონფლიქტები. ამ კონფლიქტების შედეგად, ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი საქართველოს ხელისუფლების კონტროლს გარეთ არის მოქცეული. აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან/ცხინვალის რეგიონიდან კი ასიათასობით მოქალაქე, ძირითადად ეთნიკური ქართველები, იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი გახდა. დევნილობის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ ადამიანებმა ბევრი რამ გადაიტანეს – სიღარიბე, სტრესი, სტიგმა, დეპრივაცია.